კომპლექსური დავალება

Wednesday, August 24, 2016

ქართული პროფესიული მუსიკა

                  ქართული პროფესიული მუსიკა

 
ქართული პროფესიული მუსიკა ეფუძნება უმდიდრეს და უძველეს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს. მანვე შემოქმედებითად შეისისხლხორცა მსოფლიოს პროფესიული მუსიკალური ხელოვნების საუკეთესო მიღწევები.
 ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა აგრეთვე ქართულმა სასულიერო მუსიკამ, რომელიც ისევე, როგორც ქართული ხალხური სიმღერა, მრავალხმიანია.
ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლა ჩამოყალიბდა XIX-XX სს-ის მიჯნაზე - ეს არის ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის, დიმიტრი არაყიშვილის, ნიკო სულხანიშვილის, ვიქტორ დოლიძის შემოქმედება. ამ მოვლენას მყარი საფუძველი შეუქმნა ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო აღმავლობამ.
 XIX ს-ის 60-იანი წლებიდან «თერგდალეულებმა» დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა ეროვნული კულტურის, ენის, რწმენის დასაცავად. ამ დროისათვის იქმნება სამუსიკო სახელმძღვანელოები (იოანე ბაგრატიონის «კალმასობა»), ჩამოდის იტალიური საოპერო დასი, 1851 წელს თბილისში იხსნება საოპერო თეატრი. მუსიკალური ხელოვნების ცენტრები არისტოკრატიული სალონებიდან გადადის საჯარო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში.
 1887 წელს დასრულდა ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა, დაარსდა «ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი» (1860 წ.), დაიწყო ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შეკრება, ჩაწერა და კრებულებად გამოცემა. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან რუსეთსა და იტალიაში პროფესიულ სამუსიკო განათლებამიღებული მუსიკოსები: ფილიმონ ქორიძე, ხარლამპ სავანელი, ალოიზ მიზანდარი, ანდრია ყარაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ია კარგარეთელი და სხვ.
 მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1885 წელს ლადო აღნიაშვილის მიერ «ქართული ქოროს» ჩამოყალიბება, რომელმაც საკონცერტო ესტრადაზე პირველად შეასრულა ქართული ხალხური სიმღერა. გაიხსნა ქართული საერო სამუსიკო განათლების პირველი კერები - სტუდიები, კურსები, სკოლები, სასწავლებელი (1886 წ.), კონსერვატორია (1917 წ.).
 ქართული კლასიკური ოპერის ფუძემდებლად გვევლინება ზაქარია ფალიაშვილი (ოპერა-ტრაგედია «აბესალომ და ეთერი», 1991 წ.), მუსიკალური ფოლკორისტიკის ფუძემდებელია დიმიტრი არაყიშვილი, მანვე შექმნა ოპერა «თქმულება შოთა რუსთაველზე», ხოლო მელიტონ ბალანჩივაძემ «თამარ ცბიერი». კლასიკური
რომანსის პირველი ნიმუშების ავტორი მელიტონ ბალანჩივაძე გახლავთ, კომპოზიტორმა ვიქტორ დოლიძემ კი, კომიკური ოპერის პირველი ნიმუში «ქეთო და კოტე» შექმნა, ნიკო სულხანიშვილის უმთავრესი ღვაწლი მდგომარეობს იმაში, რომ მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ პროფესიულ საერო საგუნდო ხელოვნებას.
 
ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შალვა მშველიძემ, ანდრია ბალანჩივაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, ოთარ თაქთაქიშვილმა, სულხან ცინცაძემ, რევაზ ლაღიძემ, გია ყანჩელმა და სხვა კომპოზიტორებმა. ქართული სასულიერო მუსიკა - ქართველი ხალხის მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მას საფუძველი ჯერ კიდევ IV საუკუნიდან ჩაეყარა - საქართველოს გაქრისტიანებასთან ერთად.
IX საუკუნიდან იქმნება გალობის სწავლების მთელი სისტემა, საქართველოს ცნობილ ტაძრებსა და მონასტრებთან (იყალთო, გელათი, გრემი, მცხეთა) არსდება სემინარიები და აკადემიები, სადაც საპატიო ადგილი ეთმობა მუსიკის სწავლებას, ყალიბდება საგუნდო კაპელები, იქმნება ორიგინალური ქართული საგალობლები.
 
            ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი